Sunday, July 5, 2009

მიირთვით რძე, ოღონდ ნატურალური



1. პროექტის სახელი: „მიირთვით რძე, ოღონდ, ნატურალური!!!“

2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იკვლევენ რძის, როგორც გამორჩეული საკვები პროდუქტის მნიშვნელობას და არკვევენ სხვადასხვა ფირმის მიერ წარმოებული რძის ხარისხიანობას.
3. პროექტის სრული აღწერა: (იხ. დანართის სახით)
4. მონაწილეთა ასაკი: VIII კლ–ის მოსწავლეები
5. ვადები/ხანგრძლივობა: 11 დღე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კონსულტაციები მასწავლებელთან, დისკუსიები, მოკლე ანგარიშები მუშაობის მიმდინარეობის შესახებ
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს უვითარდებათ კვლევითი უნარ–ჩვევები და კომუნიკაციისა და ჯგუფური მუშაობის უნარი
8. სარგებელი სხვებისათვის: კვლევის შედეგად დადგენილი რეკომენდაციები
9. სამუშაო ენა: ქართული
10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: – – – – – – – – –
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ქიმიასთან (კონსულტაციები ქიმიის მასწავლებელთან და კვლევები ქიმიურ ლაბორატორიაში მასწავლებლის მეთვალყურეობით),
ეროვნული სასწავლო გეგმა: საგნობრივი პროგრამა ბუნებისმეტყველებაში
(პროექტი, მეორე რედაქცია 2006) გვ. 61–62

წლის ბოლოს მისაღწევი შედეგები და მათი ინდიკატორები

მიმართულება: ცოცხალი სამყარო
ბუნ. VIII. 1. მოსწავლე აკავშირებს უჯრედის სტრუქტურას ფუნქციასთან
· ატარებს ცდებს ადამიანის საკვებ პროდუქტებში შემავალი მნიშვნელოვანი ნივთიერებების გამოსავლენად, აფორმებს ცდის ოქმს და მიღებულ შედეგებს აკავშირებს უჯრედის საჭიროებებთან.
· ჩამოთვლის საკვები ნივთიერებების ფუნქციებს (სტრუქტურული, ენერგეტიკული) და ადგენს საკუთარ დიეტას

12. პროექტის ფასილიტატორი: იზოლდა ჭინჭარაშვილი
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: iziko709@Gmail.com


დანართი 1.

პ რ ო ე ქ ტ ი
მე–8 კლასი
თემა: რძის შემადგენლობისა და ხარისხის განსაზღვრა
მიზანი: სასკოლო სამეცნიერო პროექტის საშუალებით კვლევითი უნარ–ჩვევებისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება
პროექტის ხანგრძლივობა: 11 დღე
შემსრულებელი ჯგუფი: 6 მოსწავლე
პროექტის ხელმძღვანელი: იზა ჭინჭარაშვილი
ამოცანები:
· საპროექტო თემის განსაზღვრა,
· რძეზე და მის ხარისხიანობაზე ინფორმაციის მოგროვება,
· თელავის სუპერმარკეტებში სხ.სხ. ფირმის მიერ წარმოებული რძეების ჩამონათვალის განსაზღვრა,
· კონსულტაცია სპეციალისტთან (ხარისხისა და შემადგენლობის შესაბამისობაზე),
· კვლევის ჩატარება და მონაცემების აღრიცხვა,
· მონაცემების გრაფიკებით და დიაგრამებით გამოსახვა,
· დასკვნები,
· მოკლე წერილობითი ანგარიშის (ოქმის) მომზადება,
· პრეზენტაციის მომზადება.
1. საპროექტი თემის განსაზღვრა:
_ რატომაა რძე გამორჩეული საკვები პროდუქტი? რომელი რძის საკვებად გამოყენებაა უმჯობესი? (1 დღე)

2. რძეზე და მის ხარისხიანობაზე ინფორმაციის მოგროვება:
მოიძიეთ ინფორმაცია რძეზე, როგორც საკვებ პროდუქტზე და იმ თვისებებზე, რასაც რძე ამჟღავნებს საკვებად გამოყენების შედეგად. (ამისათვის გამოიყენეთ ენციკლოპედია, სამეცნიერო ლიტერატურა, ინტერნეტი, ჩამოართვით ინტერვიუ ქიმიის მასწავლებელს, ექიმ–გასტროენტეროლოგს, ექიმ–დიეტოლოგს). (3 დღე)

3. თელავის სუპერმარკეტებში სხ.სხ. ფირმის მიერ წარმოებული რძეების ჩამონათვალის განსაზღვრა:
შემოიარეთ ქ. თელავში 5 ყველაზე დიდი და პრესტიჟული სუპერმარკეტი და შეადგინეთ ამ სუპერმარკეტებში არსებული სხ.სხ. ფირმის მიერ წარმოებული რძის ჩამონათვალი.

4. კვლევის ჩატარება და მონაცემების აღრიცხვა:
შეარჩიეთ 4 ყველაზე გავრცელებული ფირმის რძე (მაღაზიის მენეჯერთან და გამყიდველებთან დაადგინეთ ყველაზე მეტად რეალიზებადი ფირმები), შეიძინეთ ეს რძეები, საკოლმეურნეო ბაზარში 1 ნიმუში შეიძინეთ გლეხისაგან, რომელსაც თავად ყავს ძროხა და შეუძლია გითხრათ რითი კვებავს პირუტყვს.
ნიმუშების შეგროვების შემდეგ მოემზადეთ კვლევის ჩასატარებლად. ამისათვის საჭიროა:
· რძის 5 ნიმუში,
· ეტიკეტები თითოეული ნიმუშისათვის,
· ჭურჭელი რძის ასადუღებლად,
· მენზურა ცხიმიანობის განსაზღვრისათვის,
· სასწორი და საწონები რძის ნადუღის ასაწონად,
· 5 სინჯარა,
· 5 მლ. მარილმჟავა,
· ეტიკეტები სინჯარებისთვის,
· კალამი ან მარკერი,
· თაბახის ფურცელი მონაცემების ჩასაწერად.
აიღეთ თითოეული ნიმუშიდან 200 გ (ან 0,5 ლ) რძე, ადუღეთ დიდხანს, გაგრილების შემდეგ გადაასხით მენზურაში და გააციეთ. ზედაპირზე გაჩენილი ცხიმის ფენის სისქე შეეცადეთ ზუსტად მოინიშნოთ. (გაიმეორეთ ხუთივე ნიმუშზე).
ჭურჭლის ძირზე გაჩენილი ნადუღის ფენა მოფხიკეთ და აწონეთ. ეს მონაცემიც მოინიშნეთ. ( გაიმეორეთ ხუთივე ნიმუშზე).
თითოეული ნიმუშიდან აიღეთ 10 მლ. რძე, მოათავსეთ სინჯარაში, დაუმატეთ 1 მლ მარილმჟავა, ფრთხილად შეანჯღრიეთ და დაელოდეთ სინჯარის ძირზე ნალექის წარმოქმნას. გაზომეთ ნალექის სიმაღლე და ჩაიწერეთ. ( გაიმეორეთ ხუთივე ნიმუშზე).
დააგემოვნეთ თითოეული სუფთა ნიმუშიდან რძე და განსაზღვრეთ სიტკბო მეტ–ნაკლებობის პრინციპით. ეს მონაცემებიც მოინიშნეთ. (2 დღე).

5. კონსულტაცია სპეციალისტთან (ხარისხისა და შემადგენლობის შესაბამისობაზე):

გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან თელავის სულგუნის დამამზადებელ მცირე საამქროში და გაარკვიეთ რძეში ორგანული ნივთიერებების შემცველობის შეფარდება რძის ხარისხიანობასთან და საგემოვნო თვისებებთან (ანუ, რომელი რძეა უკეთესი ხარისხით). (ინტერვიუ ჩაიწერეთ).
თქვენს მიერ ჩატარებული კვლევის მასალებით კვლავ ესტუმრეთ ქიმიის მასწავლებელს, ექიმ გასტროენტეროლოგს, ექიმ დიეტოლოგს და სთხოვეთ პასუხი ამ კითხვაზე. (ინტერვიუ ჩაიწერეთ). (1 დღე).

6. მონაცემების გრაფიკებით და დიაგრამებით გამოსახვა:
აღრიცხეთ ყველა მონაცემი თქვენს მიერ წინასწარ მომზადებულ ცხრილში და შემდეგ ააგეთ გრაფიკები და დიაგრამები კვლევის მასალების თვალსაჩინოდ წარმოსაჩენად. (1 დღე).

7. დასკვნები:
შეფასდეს ჩატარებული კვლევის მასალები და გრაფიკებისა და დიაგრამების გამოყენებით გაკეთდეს საბოლოო დასკვნები.
განისაზღვროს ხარისხი შემადგენლობიდან გამომდინარე, გამოვლინდეს საუკეთესო ხარისხი. (შედარდეს კოლოფზე მოცემულ მონაცემებს). ( 1 დღე).

8. მოკლე წერილობითი ანგარიშის (ოქმის) მომზადება:
მომზადდეს მოკლე წერილობითი ანგარიში ჩატარებული კვლევის შედეგებზე. დეტალურად იქნას მითითებული გამოყენებული წყაროები.
პროექტის ანგარიშის წერისას გათვალისწინებულ იქნას ზუსტი თანმიმდევრობა და ანგარიშის წერის ფორმა. (1 დღე).

9. პრეზენტაციის მომზადება:
მომზადდეს მოხსენება მსმენელთათვის. გამოიკვეთოს შედეგები და დასკვნები. აქტიურად იქნას გამოყენებული თვალსაჩინოება ცხრილების, გრაფიკების და დიაგრამების სახით.
პრეზენტაცია გაკეთდეს გასაგებად და საინტერესოდ. ( 1დღე).

No comments:

Post a Comment